სიახლეებზე დაბრუნება

ბულგარელი ბიზნესმენის კავშირი საქართველოსთან და გეგმები საპატიო კონსულის რანგში

· ბულგარეთი, საქართველო, კონსული

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულად წარმატებული ბულგარელი ბიზნესმენი, იული ნუშევი დაინიშნა. ჟურნალ „დიპლომატთან“ ინტერვიუში ბატონი ნუშევი საუბრობს თავის ბიზნესსაქმიანობაზე, საქართველოსთან კავშირზე და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც აპირებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად.

ცოტა ხნის წინ, ბულგარეთში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნეთ; რას ნიშნავს თქვენთვის ეს სტატუსი?

დიდი პატივია, რომ ამირჩიეს საქართველოს საპატიო კონსულად. კარგად მესმის ამ როლის მნიშვნელობა და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მაქსიმუმს იმისთვის, რომ განვავითარო კულტურული, ეკონომიკური, ბიზნეს და პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის. ჩემი საქმიანობა მაძლევს შესაძლებლობას, ვიმოგზაურო და ყველას ვუჩვენო საქართველო, ვილაპარაკო ქართველ ხალხზე და მათ სულიერებაზე არა მარტო ბულგარეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს?

ათწლეულზე მეტია, ჩემი პროფესიული გზა, ინტერესი და თავისუფალი დრო მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას. ჩემთვის შავი ზღვის მეორე მხარეს ყოფნა სახლში ყოფნას ჰგავს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მე ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი და ბევრი მეგობარი შევიძინე საქართველოდან, მათ შორის, ჩემი მრჩეველი, დავით კვარაცხელია, ცნობილი ავტომრბოლელი, 2017 წლის ევროპისა და ბალკანეთის ჩემპიონი და ქართველი სპორტსმენი. თქვენს მკითხველებს, რომელთაც არ უნახავთ საქართველოს ულამაზესი ბუნება და გასაოცარი ხალხი, ვეტყოდი - ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ! საქართველო დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ამავე დროს, ძალიან თანამედროვე და მუდმივად განვითარებადია.

როგორია თქვენი გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით და როგორ შეუწყობთ ხელს ქართულ-ბულგარული ურთიერთობის გაღრმავებას?

ამჟამად, ვმუშაობ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, საქართველოს საელჩოსთან ერთად, სოფიაში. ჩვენ ვქმნით ქსელს, რომელიც იქნება საბაზისო, საინფორმაციო პორტალი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბულგარეთს სტუმრობენ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ბულგარულ-ქართული სავაჭრო პალატის შექმნაზე. მოვიწვიეთ ცნობილი კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, რათა გაეცნონ ბიზნესის სრულ სპექტრს. ეს დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი კავშირის განვითარებაში. ჩვენი მომავალი ახალ თაობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ვცდილობ, მოვიძიო შესაბამისი თანხა იმისათვის, რომ ქართველ სტუდენტებს ბლაგოევგრადის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდეთ. საბოლოოდ, ვიმუშავებ ბულგარეთსა და საქართველოს შორის კულტურულ, გაცვლით პროგრამებზე, რათა დავეხმარო ბულგარელ ხალხს, გაიგონ უფრო მეტი, საქართველოს შესახებ და - პირიქით. ამ წლის ბოლოს ჩვენ ვგეგმავთ, მოვიწვიოთ ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლი, რომელიც ბულგარელ მაყურებელს უჩვენებს ქართული ფოლკლორის სულს და ტრადიციებს. მოხარული და ბედნიერი ვიქნები, რომ დავგეგმო მსგავსი ღონისძიება საქართველოს ტერიტორიაზე, ამჯერად, უკვე ბულგარული ტრადიციული ანსამბლებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს უჩვენებენ ჩვენს მისტიკურ და მომაჯადოებელ ფოლკლორს.

როგორია თქვენი ბიზნესსაქმიანობა ბულგარეთში?

ჩემი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიაშია. მე ვარ „SOFIA CONNECT“-ის ბორდის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. „SOFIA CONNECT“ არის საბითუმო გადამზიდავი კომპანია სათავო ოფისით ბულგარეთში, რომელიც სპეციალიზებულია ყოვლისმომცველი კავშირის უზრუნველყოფაში, ინტერნეტსერვისის მატარებლებისთვის მთელს ბალკანეთში, კავკასიასა და შუა აღმოსავლეთში. 2008 წლიდან, როცა ჩვენი კომპანია დაფუძნდა, ჩვენი კლიენტზე მორგებული სერვისები აღიარებულია მთელი რეგიონის მასშტაბით. ჩვენი სერვისის პორტფოლიო მოიცავს სასაზღვრო ქსელთაშორისი პროტოკოლის სრულ სპექტრს, დისტანციურ მართვას, გამტარუნარიანობას, ტალღის სიგრძის სერვისებს და ინტერნეტის მაღალ სისწრაფესა თუ უსაფრთხოებას. ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი, ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ უმთავრესი პარტნიორი. „კავკასუს ონლაინი“ ფლობს შავი ზღვის წყალქვეშა, ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენს - რომელიც არის ყველაზე სწრაფი გზა საქართველოს ევროპასთან დასაკავშირებლად. ერთ-ერთი ბოლო პროექტი „კავკასუს ონლაინთან“ ერთად არის 1 ტერაბაიტი (TB) სიხშირის უზრუნველყოფა დიდ სატელეკომუნიკაციო ცენტრებს შორის, ლონდონსა და ფრანკფურტში, შუა აღმოსავლეთში და მის ფარგლებს მიღმა.

რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომავალში?

არ არის საჭირო, ბევრი გეგმა გქონდეს, უკეთესია, დაკმაყოფილდე იმით, რაც დღეს გაქვს, რადგან, არასოდეს იცი, რა არის შემდეგი ეტაპი. ამ რჩევის გათვალისწინებით, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც აქამდე მივაღწიე, ვაფასებ ჩემს ოჯახს, სამუშაოს, მეგობრებს და მიღწევებს. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავინახავთ იმ მრავალი პროექტის შედეგს, რომლებიც აქამდე დავგეგმეთ, და მათ განხორციელებაში უფრო მეტი ადამიანი შემომიერთდება. საბოლოო ჯამში, მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს და ხალხს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდება.