საქართველო

საქართველოს კულტურა

ქართული კულტურა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში ენისა და დამწერლობის გარშემო ვითარდებოდა. ისინი ეროვნული იდენტობის ძლიერი განცდის საფუძველია, რამაც ქართველებს უცხო ბატონობის ხანგრძლივ პერიოდებში თავის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ანტიკური ხანა

დღევანდელი ქართველების წინაპრები იმ კავკასიურ ხალხებს შორის იყვნენ, რომლებიც ასურულ მატიანეებში ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში იხსენიება. ღრმა სიძველიდან მოდის ხალხური ეპოსი „ამირანიანიც“. ქართული ტრადიციის მიხედვით, დამწერლობა მეფე ფარნავაზის დროს, ძვ. წ. III საუკუნეში შეიქმნა. მას ეძღვნება ანონიმური მატიანე „ცხოვრება ფარნავაზ მეფისა“. ძველი ფესვები აქვს ხალხურ თეატრ სახიობასაც, რომელიც XVII საუკუნემდე არსებობდა.

ქართული ხალხური ცეკვა

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეების ქართულ კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ, რომელიც IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერდა და ხშირად აფინანსებდა წიგნების, ხატებისა და ტაძრების შექმნას. ქართული ეკლესიები და მონასტრები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სირიაში, პალესტინასა და ათონზეც არის. ბულგარეთში ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტერი 1083 წელს ქართველმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ დააარსა და იქ დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში ქართველი ბერები ცხოვრობდნენ. ქართული ხატები და მინანქარი შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს შორისაა.

შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა:

  • „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“, იაკობ ცურტაველი (V ს.)
  • „წამებაჲ აბო ტფილელისაჲ“, იოანე საბანისძე (VIII ს.)
  • „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, გიორგი მერჩულე (X ს.)
  • „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, ლეონტი მროველი (XI ს.)
  • „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, სუმბატ დავითის ძე (XI ს.)
  • „თამარიანი“, ჩახრუხაძე (XII ს.)
  • „ვეფხისტყაოსანი“, შოთა რუსთაველის ეპიკური პოემა (XII ს.)
  • „აბდულმესიანი“, იოანე შავთელი (XIII ს.)

XVII–XIX საუკუნეები

XVII საუკუნიდან ქართულ კულტურაზე ევროპის გავლენა სულ უფრო იზრდებოდა. პირველი ქართული წიგნი რომში 1629 წელს დაიბეჭდა. პირველი სტამბა თავად საქართველოში, თბილისში, 1709 წელს მეფე ვახტანგ VI-ის დროს დაარსდა.

1791 წელს მწერალმა და დიპლომატმა გიორგი ავალიშვილმა თბილისში ქართული ეროვნული თეატრი დააარსა. 1851 წელს თბილისის ოპერის თეატრი გაიხსნა.

რუსთაველის თეატრი თბილისში

XIX საუკუნის ყველაზე ცნობილ ქართველ მწერლებს შორის არიან ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსანდრე ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, რაფიელ ერისთავი, მამია გურიელი და იაკობ გოგებაშვილი, „დედა ენის“ ავტორი.

XX და XXI საუკუნეები

საქართველოში პირველი კინოჩვენება თბილისში 1896 წელს გაიმართა. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ ალექსანდრე ცუცუნავამ 1916 წელს შექმნა. ქართულმა კინომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეჟისორ თენგიზ აბულაძის (1924–1994) ტრილოგიითაც: „ვედრება“ (1968), „ნატვრის ხე“ (1977) და „მონანიება“ (1984).

იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიებში შეიტანა ქართული მრავალხმიანი სიმღერა (2008), ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013) და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა (2016).

იუნესკო: ich.unesco.org