საქართველო

საქართველოს ისტორია

საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან არის დასახლებული. ქართული ტრადიციის მიხედვით, დამწერლობა ძვ. წ. III საუკუნეში, მეფე ფარნავაზის დროს შეიქმნა. უძველესი შემორჩენილი ქართული წარწერები V საუკუნით თარიღდება. ქართული ანბანი მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ანბანთა შორისაა, რომლებიც დამოუკიდებლად შეიქმნა.

ძვ. წ. VI საუკუნეში დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კოლხეთის (ეგრისის) სამეფო წარმოიქმნა. ძვ. წ. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში იბერიის (ქართლის) სამეფო ჩამოყალიბდა.

მოგვიანებით დასავლეთ საქართველოში ოთხი სამთავრო არსებობდა: ლაზების, აფშილების, აბაზგების და სანიგების. ყველაზე ძლიერი ლაზების სამთავრო იყო. მან დანარჩენი სამი დაიმორჩილა და ლაზიკის სახელმწიფო შექმნა.

საქართველოს ოქროს ხანად თამარ მეფის მეფობა ითვლება, XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის დასაწყისში.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო ბევრ დამპყრობელს ებრძოდა: არაბებს, ბიზანტიელებს, მონღოლებს, სპარსელებს, ოსმალებს და ჩრდილოკავკასიურ ტომებს. ამას ემატებოდა ქართველ მთავრებს შორის შინაგანი ბრძოლები.

XIII საუკუნეში მონღოლებმა საქართველო დაიპყრეს. XIV საუკუნეში გიორგი V ბრწყინვალემ ქვეყანა ხელახლა გააერთიანა. იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგი საქართველოში რვაჯერ შემოიჭრა და ქვეყანა გააპარტახა. 1490 წელს საქართველო ოფიციალურად დაიშალა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ.

XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. 1555 წლის ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთის იმპერიამ საქართველო გაიყვეს: ქართლი და კახეთი ირანის გავლენის ქვეშ მოექცა, დასავლეთ საქართველო და სამცხე კი ოსმალეთის.

1633 წელს ქართლის მეფე როსტომ ხანი გახდა. 1762 წელს ერეკლე II-მ ქართლი და კახეთი გააერთიანა. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა.

1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და გუბერნიად შეიერთა. მომდევნო ათწლეულებში რუსეთმა თანდათან დანარჩენი ქართული მიწებიც შეიერთა. 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა: ასე შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

1921 წლის თებერვალში წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა და ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (1921), სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (1922) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით 1931 წლიდან).

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. 1991 წლის მაისში ზვიად გამსახურდია პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში თბილისში შეიარაღებულმა გადატრიალებამ კანონიერი ხელისუფლება და პრეზიდენტი გამსახურდია დაამხო.

1992 წელს ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს სათავეში ჩაუდგა. იმავე წლის აგვისტოში აფხაზეთში ომი დაიწყო. აფხაზური ძალების მხარეს დაქირავებულები იბრძოდნენ, ხოლო აფხაზეთში განლაგებული რუსული ნაწილებიც აფხაზურ მხარეს უჭერდნენ მხარს. ომი 1993 წლის სექტემბერში ქართული ძალების დამარცხებით დასრულდა.

შევარდნაძე პრეზიდენტად 1995 წელს აირჩიეს, ხოლო 2000 წელს ხელახლა აირჩიეს. 2003 წლის ნოემბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. 2003 წლის 23 ნოემბერს შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის შუამავლობით შეხვდა და შეხვედრის შემდეგ გადადგა. სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდა. ეს მოვლენები ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით შევიდა.

2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96%-ზე მეტი მიიღო. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გახდა.

2004 წლის მაისში აჭარის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ ქვეყანა დატოვა და ავტონომიური რესპუბლიკა კვლავ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ამას რიგი რეფორმები მოჰყვა.

2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის სამხრეთ ოსეთის გამო ომი დაიწყო. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის გარდა ისინი მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს. საქართველო ორივე რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს, ხოლო სახელმწიფოების უმეტესობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. რუსული ჯარები ორივე რეგიონში დღესაც რჩება. ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვა, რაც 2009 წლის 18 აგვისტოდან შევიდა ძალაში.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში ხელისუფლება დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალა.